Saturday, May 15, 2010

საოცარი ძალა აქვს სიტყვას. უბრალო სიტყვამ, ტკბილმა და საალერსომაც კი არა, ისე დამადნო გაყინული ლოდი, ისე გამაწყალა, აღარა დავრჩი თითქოს. გამითბა გული, გადმომცვივდა ცრემლები, წამომენთო თვალები, ყელში მივიწყებული ბურთი გამეჩხირა და ავტირდი...
მახსენდება სახარებისეული სიტყვები: "პირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთა თანა და ღმერთი იყო სიტყვა". პირ უტყვობამ, სიჩუმემ, უბრობამ დამაშორა სინამდვილესთან, ფიქრებით შორს გამიტაცა, ბევრი მაფიქრა, ავი აზრები მომიგროვა, თავს მომახვია, გამაცივა, გამაუხეშა, გამაპირქუშა, უტყვად მაქცია და ადამიანის სახეს დამაშორა..
უბრალო სიტყვამ კი, ტკბილმა და საალერსომაც კი არა, გაყინული გული გამილღო, ამიჩუყა, მანანა.. მართლია, ღვთიური წარმოშობისაა სიტყვა! სასწაულებრივი ძალა აქვს! გუშინ რომ მომკლა, დღეს გამაცოცხლა, ისევ ძველებურად ამიძგერა გული, ცრემლი მადინა, ცრემლი შეუშრობელი...
დიდება ღმერთს, რომელიც არს ძალა და სიტყვა, სიყვარული და ჭეშმარიტება! და მადლობა უფალს ყოველივესთვის, რაიცა მოაწია ჩვენ ზედა..

Friday, December 18, 2009

ეკა ხვედელიძე


ელ.პორტფოლიო ლემილზე



პ რ ო ე ქ ტ ი

პროექტის სახელი: ბარბარიზმები მეტყველებაში

პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები იკვლევენ ქართულ მეტყველებაში მომრავლებული ბარბარიზმების ისტორიას,მათ მნიშვნელობასა და ზეგავლენას სალიტერატურო ქართულ ენაზე.

პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები არკვევენ რა არის სლენგი, ჟარგონი, ბარბარიზმი. შემდეგ აკვირდებიან თანატოლთა და მათ ირგვლივ მყოფ ადამიანთა მეტყველებას, სარეკლამო ბანერებს, კითხულობენ საგაზეთო სტატიებს, იღებენ ფოტოებს, უყურებენ სატელევიზიო პროგრამებს, სარგებლობენ ინტერნეტ-რესურსით, ინიშნავენ ქართული ენის ბუნებისათვის შეუფერებელ სიტყვებსა და გამოთქმებს, ბარბარიზმებს, რომლებიც შექმნილია სხვა ენის ნორმების მიხედვით. ასევე იკვლევენ უცხო ენებიდან საჭიროების გარეშე შემოსულ სიტყვებს და მათ შესატყვის ქართულ ანალოგებს. მასალის მოპოვებისთანავე იწყებენ მათ ხელთ არსებული სიტყვებისა და გამონათქვამების სემანტიკის შესწავლას უცხო ენათა და განმარტებითი ლექსიკონების დახმარებით. ქმნიან ნახატებს განსაკუთრებით ხშირად გამოყენებად ბარბარიზმებზე და ნამუშევრებზევე მიუთითებენ ლიტერატურულად გამართულ ფორმებს. მეტყველებიდან უცხო ენობრივი ელემენტების განდევნისა და ქართული ანალოგების დანერგვის მიზნით სკოლაში ატარებენ აქციას, სხვადასხვა კლასების მოსწავლეებს აცნობენ თავიანთ ნამუშევრებს, ეწევიან აგიტაციას სწორი მეტყველების დასანერგად და ბარბარიზმების აღმოსაფხვრელად.
მონაწილეთა ასაკი: მე-9 მე-10 კლასები

ვადები/ხანგრძლივობა: 2თვე

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ინტერნეტისა და დამხმარე ლიტერატურის საშუალებით მასალის მოძიება და გაანალიზება, პრეზენტაცია, დისკუსიის გამართვა, ფოტომასალის შეგროვება.

მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები შეიძენენ კვლევის უნარ-ჩვევებს. შეიქმნება ბლოგი, სადაც განთავსდება საინტერესო მასალა ქართულ მეტყველებაში არსებული ბარბარიზმებისა და მათი შესაბამისი ქართული ანალოგების შესახებ.

სასარგებლო სხვებისთვის: ბლოგზე განთავსებული ინფორმაციის მეშვეობით მაძიებლები გაეცნობიან ჟარგონებისა და ბარბარიზმების ქართულ შესატყვისობებს.

სამუშაო ენა: ქართული

საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მოსწავლეები გაიმდიდრებენ სიტყვათა მარაგს არა მხოლოდ ქართულ, არამედ რუსულ, ინგლისურ და გერმანულ ენებში.

პროექტის ფასილიტატორი: ეკატერინე ხვედელიძე

ფასილიტატორის ელ.ფოსტა: kato.khvedelidze@gmail.com